logo
ENG



რუსეთის სასამართლომ ორგანიზაცია "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

28 დეკ 202115:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/28/2u0fh0vwqqyribu.jpg

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაცია საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ მედუზა ავრცელებს.

ლიკვიდაციის შესახებ შუამავლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ დაარღვია კანონი უცხოელი აგენტის შესახებ.

დასკვნით სხდომაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მცდარ წარმოდგენას ქმნის საბჭოთა კავშირის რეჟიმის შესახებ, ამასთან "რეაბილიტაციას უკეთებს ნაცისტ დამნაშავეებს". საერთაშორისო მემორიალის წარმომადგენლები პროკურატურის ბრალდებებს უარყოფდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი არ არსებობდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე იან რაჩინსკიმ თქვა, რომ მას გაასაჩივრებენ და თუ საჭიროა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ. ამასთან, აპელაციის განხილვამდე მუშაობას იმავე რეჟიმში გააგრძელებენ.

საერთაშორისო მემორიალი მოსკოვში 1992 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიზანი სსრკ-ს დროს პოლიტიკური რეპრესიების კვლევა, ასევე, პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მყოფი პირების მორალურ და სამართლებრივ რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა.

ამას წინ უძღოდა საზოგადოებრივი ჯგუფი მემორიალი, რომელიც 1987 წელს შეიქმნა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არაერთ რეგიონულ ორგანიზაციასა და გაერთიანებას. 1989 წელს ყველა მათგანი გაერთიანდა მემორიალში, რომელიც 1990 წელს დარეგისტრირდა. საზოგადოება მემორიალის პირველი საპატიო თავმჯდომარე ანდრეი სახაროვი იყო.


close დახურვა